English / ქართული / русский /
ქეთევან მდინარაძენანა მდინარაძე
უმაღლესი განათლების ეკონომიკური და სოციალური ეფექტიანობის შეფასების მექანიზმი

ანოტაცია. სტატიაში აღწერილია განათლების სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციები და მისი რეალიზაციის სრულყოფის მექანიზმები. დახასიათებულია უმაღლესი განათლების სოციალური და ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების გზები.

უმაღლესი განათლების სოციალური და ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების მრავალი კრიტერიუმი არსებობს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების მატერიალური კეთილდღეობის ზრდის მაჩვენებელი. მომუშავის შემოსავლების დონეს და სოციალურ სტატუსს სწორედ განათლების დონე განსაზღვრავს.

საკვანძო სიტყვები: საგანმანათლებლო სისტემა, უმაღლესი განათლება, უმაღლესი განათლების სოციალურ-ეკონომიკური ფუნქცია. 

შესავალი 

განათლების როლი ცოდნის ეკონომიკის ეპოქაში სულ უფრო იზრდება, სცილდება სახელმწიფოს ეროვნულ საზღვრებს და ხდება საერთაშორისო ინსტიტუტი. ინფორმაციული ტექნოლოგიების რევოლუციის კვალდაკვალ მნიშვნელოვნად იზრდება ცოდნის მუდმივად განახლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება.

მნიშვნელოვანია განათლების სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციები, რომლის განხორციელების ეფექტურობაზეა დამოკიდებული ქვეყნის პროგრესული განვითარება. სახელმწიფო, მოსახლეობა მთლიანად და თითოეული ადამიანი ცალ-ცალკე დაინტერესებულია განათლების სისტემის განვითარებითა და სრულყოფით, რათა მან შეძლოს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სოციალური ფუნქციების მიზანმიმართული და თანმიმდევრული რეალიზება.

რამდენად ეფექტურად ასრულებს უმაღლესი განათლება ამ ფუნქციებს? ამართლებს თუ არა უმაღლეს განათლებაში ჩადებული მზარდი კერძო და სახელმწიფო ინვესტიცია? უმაღლესი განათლების სისტემის ეფექტურობა პირველ რიგში განისაზღვრება იმით, თუ რამდენად პასუხობს იგი გარემოში არსებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, უმაღლესი განათლების სისტემის ამონაგების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადობის მონიტორინგი დღეისათვის სისტემის ეფექტურობის შეფასების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. 

* * *

თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებით უმაღლესი განათლების ძირითადი ფუნქცია არის პიროვნების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. უმაღლესი განათლების ანალიზისას გამოყოფენ მის სხვა ფუნქციებსაც. პირველი ფუნქცია პირობითად შეიძლება განისაზღვროს როგორც საზოგადოების გენეტიკური კოდის გადაცემა. ეს გულისხმობს მომავალი თაობებისათვის არა მხოლოდ დაგროვილი ცოდნის და უნარების, სამეცნიერო კვლევებისა და იდეების გადაცემას, არამედ, აგრეთვე საზოგადოებაში მიღებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, მორალური, ეთიკური და ტრადიციული ნორმების გადაცემას.

მეორე ფუნქცია ეს არის ელიტის ფორმირება, რომელიც  ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, თავის თავზე იღებს სტრატეგიული გადაწყვეტი­ლებების მიღების მისიას, რომელიც შეადგენს საზოგადოების მაღალგანვი­თარებულ ადამიანთა ჯგუფს და ამავდროულად, წარმოადგენს ქვეყნის ეროვნულ რესურს. უმაღლესი განათლება არ არის ერთადერთი სფერო, რომელიც აყალიბებს პიროვნებას, სულიერებას. ლიტერატურა, ხელოვნება, ინფორმაციის მასობრივი საშუალებები ასევე დიდ გავლენას ახდენენ პიროვნების ფორმირებაზე, მაგრამ უმაღლეს განათლებას გადამწყვეტი როლი ეკისრება. ახლა ქვეყნებს შორის მიმდინარეობს ერთგვარი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენცია ინტელექტუალური რესურსების მომზადების ხარისხთან დაკავშირებით.

მესამე ფუნქცია ეს არის კვალიფიციური სპეციალისტების მასობრივი მომზადება, პროფესიული ცოდნის, სტანდარტების, უნარების გადაცემა. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ უმაღლესი განათლების ეკონომიკური ფუნქციის მთავარი არსი მდგომარეობს შემოსავლების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფასა და ადამიანის კეთილდღე­­ობის დონის ამაღლებაში, ერთი მხრივ და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, მეორე მხრივ. უმაღლესი განათლება არის ერთგვარი ინსტიტუტი, რომელიც მოწოდებულია შექმნას ოპტიმალური ეკონომიკური პირობები როგორც ცალკეული ინდივიდისათვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისათვის ისე, რომ მათი ინტერესები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს.

ზოგიერთი მეცნიერი ხაზს უსვამს განათლების ორგანიზაციულ და მმართველობით როლს. ბოლო წლების განმავლობაში აქტუალური გახდა მისი შესწავლა ეკონომიკური დანიშნულების თვალსაზრისით. [Уметов Т.Э., 2012]

უმაღლესი განათლების მრავალი მახასიათებლიდან, მისი ფუნქციური როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, შესაძლებელია მისი თვისებების დადგენა, ეს არის: ცოდნის წარმოების უწყვეტი პროცესი, საზოგადოების ძირითადი საწარმოო ძალის მთავარი ხარისხობრივი მახასიათებელი, მეცნიერების საწარმოო ძალად გარდაქმნის ფაქტორი, ინფორმაციული ფონდი, საზოგადოების განვითარების მიზანი და ამ მიზნის მიღწევის საზოგადოებრივი საშუალება.  [Павленка.П.Д. 2007]

ცივილიზებული საზოგადოება ეს არის განათლებული საზოგადოება, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა ააშენოს და როგორ უნდა ააშენოს. ადამიანი, როგორც სოციალური ურთიერთობების - ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სხვ - განსახიერება, ვითარდება სწავლის პროცესში. ფსიქოლოგების აზრით, ინტელექტის ფორმირება ხდება 20 წლამდე, შესაბამისად, მისი შექმნის ძირითადი ტვირთი უნდა დაეკისროს განათლების საშუალო და უმაღლეს რგოლს. [Готтхард Б, 2010]

უმაღლესი განათლების ეკონომიკური ფუნქცია უმაღლესი განათლების სისტემაში მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის უნარების საზოგადოებრივ საქონლად და ეროვნულ სიმდიდრედ გადაქცევაში გამოიხატება. ეკონომიკური ფუნქცია ვლინდება პრაქტიკაში კვალიფიციური კადრების მიერ მათი მომზადების დონისა და ხარისხის შესაბამისად. საზოგადოების საგანმანათლებლო პოტენციალი ეს არის საზოგადოების საწარმოო ძალა, რომელიც ფლობს უმაღლესი განათლების სისტემის მიერ მოწოდებულ ცოდნას.

უმაღლესი განათლების ეკონომიკური ფუნქციის ანალიზი გვაძლევს საფუძველს უმაღლესი განათლების ინსტიტუტი განვსაზღვროთ როგორც:

  • საზოგადოების ძირითადი საწარმოო ძალის - სამუშაო ძალის - განახლების ფაქტორი (ფიზიკურ და გონებრივ უნართა ერთობლიობა, რომლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები ყალიბდება განათლების სისტემაში) - ეს არის განათლების მთავარი ეკონომიკური დანიშნულება;
  • დაგროვილი პოტენციალი (განათლების დონე და განათლებულ ადამიანთა რაოდენობა), რაც ქმნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველს, შრომის მწარმოებლურობის ზრდის შესაძლებლობებს მეცნიერების საწარმოო ძალად გარდაქმნის გზით, რაც საბოლოო ჯამში, ზრდის ეროვნულ შემოსავალს.
  • სისტემა, რომელიც ზრდის ადამიანთა ეკონომიკურ ცოდნასა და ეკონომიკურ კულტურას, ხელს უწყობს საწარმოო ურთიერთობების სრულყოფას უფრო ღრმა ცოდნით და ამის საფუძველზე ეკონომიკური კანონების მოთხოვნებთან მათი ინტერესების შესაბამისობას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წარმოების მეცნიერულ ორგანიზაციას და მართვას თვით წარმოების და წარმოებითი ურთიერთობების სრულყოფის გზით. საბაზრო ურთიერთობების ყველა სუბიექტის ეკონომიკური განათლება არის ერთადერთი სწორი, მეცნიერულად დასაბუთებული და ეფექტური გზა საზოგადოების დაბალანსებული და სოციალურად ორიენტირებული განვითარების უზრუნველსაყოფად.
  • ბაზა, რომელიც ქმნის პირობებს საზოგადოებაში ინტერესთა ჰარმონიზაციისათვის გონიერების საფუძველზე (ძალადობისა და ცრურწმენების გარეშე). ჭეშმარიტი თავისუფლება არის თითოეულის მიერ საზოგადოებაში თავისი ადგილის, როლის, დანიშნულებისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერების აუცილებლობა.
  • განსაკუთრებული ფორმის შრომის პროცესი, რომლის საფუძველზეც იხვეწება სამუშაო ძალის ყველა ხარისხობრივი მახასიათებელი, თვისებები, რომელიც აყალიბებს ადამიანს პიროვნებად, მთელი რიგი მახასიათებლები, რაც განასხვავებს მას მატერიალური წარმოების სხვა პროცესებისგან, სადაც იქმნება მატერიალური სიმდიდრე.
  • განათლება, საბოლოო ჯამში, სამუშაო ძალის აღწარმოების გზით, უზრუნველყოფს მთლიანობაში საზოგადოების აღწარმოებას, რაც, თავის მხრივ, ავითარებს საწარმოო ურთიერთობებსა და საწარმოო ძალებს ნებისმიერ სფეროში, მით უფრო სოციალურად ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკაში [эл-ресурс, zaochnik.com].

ამრიგად, საგანმანათლებლო საქმიანობა ქმნის იმ ცოდნას, ინფორმაციას, უნარ-ჩვევებს, რომელსაც ითვისებენ ადამიანები სწავლის პროცესში და შემდგომ ავლენენ თავიანთ საქმიანობაში. აღნიშნული შედეგი არ მიიღწევა მყისიერად. ეს მოითხოვს ხანგრძლივ პერიოდს და აისახება გარკვეულ მიღწევებში, როგორიცაა შრომის ნაყოფიერების ზრდა, პირადი შემოსავლების ზრდა, სამოქალაქო ვალდებულებების შესრულება, კოჰაბიტაციის წესების დაცვა და სხვ. საზოგადოებისათვის, მთლიანობაში, ეს გამოიხატება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლების გაუმჯობესებით. უმაღლესი განათლების უნარი მომავალში გამოვლინდეს როგორც ინდივიდუალური, ისე საზოგადოების შემოსავლების ზრდის სახით, გვაძლევს საფუძველს განათლებაზე გაწეული დანახარჯები განვიხილოთ როგორც ინვესტიცია.

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებული ეკონომიკური სარგებელი არ არის მხოლოდ მომუშავის მიერ პროფესიული ვალდებულებების შესრულების შედეგი. ამიტომ უმაღლესი განათლების ეკონომიკური ღირებულება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ კვალიფიციური სამუშაო ძალის ფორმირებით. წარმოებაში დასაქმებულთა საგანმანათლებლო და კვალიფიციური პოტენციალის ამაღლება გამოიხატება როგორც ინდივიდუალური, ისე საზოგადოებრივი შემოსავლების ზრდით. შესაბამისად, განათლებას აქვს პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი.

უმაღლესი განათლების ეკონომიკური ეფექტიანობა არის ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რამდენადაც მოიცავს ერთმანეთთან დაკავში­რებულ უამრავ კითხვას, რომელიც სხვადასხვა წყაროებში საკმაოდ ბუნდოვანია და მოითხოვს გადახედვას. პრობლემის შინაარსი მოიცავს კითხვებს, რომელიც აზუსტებს განათლებაზე გაწეული დანახარჯების (ეკონომიკური და სოციალური) ბუნებას; განათლებაზე გაწეული დანახარჯების ოდენობას; უმაღლესი განათლების ეკონომიკური ეფექტიანობის განსაზღრის მეთოდიკას საზოგადოებისთვის და პიროვნებისთვის; არ არსებობს ერთიანი მიდგომა ეკონომისტებს შორის განათლების ეკონომიკური ეფექტიანობის საკითხისადმი. უთანხმოებაა კითხვაზე - განათლებაზე გაწეული დანახარჯები მოხმარებაა თუ ინვესტიცია?

ადამიანური კაპიტალის თეორიის ავტორები განათლებაზე გაწეულ დანახარჯებს განმარტავენ როგორც ინვესტიციას ან მოხმარებას, გამომდინარე იქიდან რა მნიშვნელობას მიანიჭებენ ტერმინს „ეფექტი“. მოხმარების მნიშვნელობით განიხილავენ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე ან სტუდენტი კმაყოფილებას იღებს მოცემულ მომენტში, ხოლო როგორც ინვესტიცია განიხილება მაშინ, როდესაც მოსწავლე ან სტუდენტი განათლებისგან სარგებელს მიიღებს მომავალი დროისათვის, რაც გამოიხატება მათი შრომის მწარმოებლურობის ზრდით.

განათლების პროცესი - პროდუქტიული პროცესია, რის შედეგაც ხდება ცოდნის შეთვისება, შენახვა და შევსება. ამრიგად, განათლებასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯი უნდა იქნეს განხილული როგორც პროდუქტიული კაპიტალდაბანდება იმ პირობით, რომ სწავლის პროცესში მიღებული ცოდნა თავისი შინაარსით და მოცულობით პასუხობს საზოგადოებრივი წარმოების ობიექტურ მოთხოვნებს.

უმაღლესი განათლების მოგების ნორმის გამოთვლას დასავლელი ეკონომისტები ახორციელებენ ანაზღაურების ნამატისა და განათლებაზე გაწეული დანახარჯების ურთიერთშედარებით. ამერიკელი სტატისტიკოსები აქვეყნებენ მონაცემებს მოსახლეობის საგანმანათლებლო ცენზის და შემოსავლების შესახებ, რაც დაედო საფუძვლად უმაღლესი განათლების მოგების ნორმის გამოთვლას. უმაღლეს განათლებაში ინვესტიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმი არის წესი: დააბანდე განათლებაში მანამ, სანამ განათლებიდან მიღებული მოგების ნორმა აღემატება ალტერნატიული კაპიტალდაბანდების ეფექტიანობის ნორმას (როგორც წესი, აქ გაითვალისწინება სასესხო სარგებლის ნორმა).

მაკროეკონომიკურ დონეზე უმაღლესი განათლების ეკონომიკური ეფექტიანობის დადგენა ხორციელდება სამი გზით:

პირველი მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დგინდება განათლების დონის განვითარების ზოგად მაჩვენებელსა და ეკონომიკის განვითარების დინამიკის მახასიათებელ მაჩვენებელს შორის კორელაციური კავშირი. ამერიკელმა სწავლულმა ე. კონმა გამოავლინა ძლიერი კორელაციური კავშირი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებულ ეროვნულ შემოსავალსა და განათლებაზე გაწეულ დანახარჯებს შორის, რომელიც განხორციელდა 17 ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნის მაგალითზე. [Jozef Szablowski, 2005]

განათლების ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის დადგენის მეორე და მესამე მეთოდი უკავშირდება ტ.შულცისა და ე.დენისონის სახელებს.

დენისონი განათლების ეკონომიკურ დანიშნულებას ხედავს სხვა ფაქტორებთან მის ურთიერთკავშირში, პირველ რიგში, ცოცხალი შრომის ხარისხობრივ მაჩვენებლებში. განათლება აუმჯობესებს შრომის ეფექტიანობას შემდეგი გარემოებების გამო:

  • განათლებული სამუშაო ძალა უკეთ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ნაკლებად განათლებულ მომუშავესთან შედარებით;
  • უმაღლესი განათლება ხელს უწყობს შრომის ინოვაციური მეთოდების უკეთ შეცნობას;
  • აუმჯობესებს შრომის ბაზარზე ორიენტაციას. ოპტიმალურად ხდება შესაფერისი პროფესიის შერჩევა;
  • ინდუსტრიალიზაცია და ავტომატიზაცია იმგვარად ცვლის შრომის ბაზრის პროფესიულ სტრუქტურას, რომ მასში დასაქმებულთა სულ უფრო დიდი რაოდენობა საჭიროებს განათლების უმაღლეს დონეს.

დენისონის მეთოდიკის მიხედვით განათლების წვლილი აშშ-ს ეროვნულ შემოსავალში სხვადასხვა წლების მიხედვით გამოიხატება შემდეგნაირად: 1909-1929 წლებისათვის - 12%, 1929-1956 წლებისათვის - 23%, 1960-1980 წლებისათვის - 19%. ანალოგიური მეთოდიკის გამოყენება სხვა ქვეყნებისათვის ეროვნული შემოსავლის ზრდას განათლების ხარჯზე 1950-1962 წლებისთვის გამოხატავს შემდეგნაირად: ბელგიაში - 14 %, დანიაში - 4 %, საფრანგეთში - 6 %, გერმანიაში - 2 %, ჰოლანდიაში, იტალიასა და ნორვეგიაში - 7 % [Денисон Э.. 1974].

განათლების ეკონომიკური ეფექტიანობა შეიძლება დახასიათდეს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: ნაყოფიერება, შედეგიანობა და ეკონომიურობა. ნაყოფიერება და ეკონომიურობა ახასიათებს ეფექტიანობის ეკონომიკურ ასპექტს, ანუ დანახარჯების სიდიდისა და მიღებული „პროდუქტის“ თანაფარდობას. შედეგიანობა ავლენს ეფექტიანობის სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტს, ანუ განათლების სფეროს საქმიანობის შედეგების შესაბამისობას საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ მიზნებთან. გარდა ამისა, ეფექტიანობა შეიძლება განხილულ იქნას შიდა და გარე ასპექტების თვალსაზრისით. შიდა, ანუ საწარმოო, ეფექტიანობა ეს არის მისი შიდა მიზნები და ამოცანები, რომელიც  გამოხატავს საგანმანათლებლო მომსახურების წარმოების ნაყოფიერებას და შედეგიანობას. გარე ეფექტიანობა არის საზომი, რითიც ფასდება თუ როგორ შეესაბამება საგანმანათლებლო სფეროს და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გამომუშავებული შედეგები საზოგადოების მიზნებსა და მოთხოვნებს. ზოგადად, განათლების ეკონომიკური ეფექტიანობა - არის სახელმწიფოს ეკონომიკური სარგებელი, რომელიც მიიღება ამ სფეროში განხორციელებული ინვესტიციით. ის ხასიათდება, ერთის მხრივ, ეროვნული შემოსავლით, რომელიც მიიღება სამუშაო ძალის ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებით და მეორეს მხრივ, განათლებაზე გაწეული დანახარჯებით.

უმაღლესი განათლების ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებელი ახასიათებს ეროვნული შემოსალის ზრდის თანაფარდობას განათლებაზე გაწეული დანახარჯების ერთეულზე. უმაღლესი განათლების ეკონომიკურ ეფექტიანობას სიღრმისეულად და სრუ­ლად ახასიათებს დანახარჯების რენტაბელურობა. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების ეკონომიკური ეფექტიანობა და რენტაბელურობა პირდაპირპროპორციულ დამოკიდე­ბულებაშია, რაც უფრო მაღალია ეფექტიანობა, მით უფრო მაღალია რენტაბელურობა.

უმაღლესი განათლების ეკონომიკური ეფექტიანობა შეიძლება ასევე შეფასდეს დანახარჯების გამოსყიდვის მაჩვენებლით, რომელიც განათლების ეკონომიკური ეფექტიანობის საპირისპიროა. ეს სიდიდე გვიჩვენებს დროს, რომლის განმავლობაშიც ხდება განათლებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურება.

ეს მაჩვენებლები შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს განათლების სფეროში განხორციელებული გრძელვადიანი ინვესტიციების ეფექტიანობა. უმაღლესი განათლების ეკონომიკური ეფექტიანობის ცალკეული მაჩვენებლის ანალიზისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას დარგის სპეციფიკა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სწავლის პროცესში განხორციელებული ინვესტიციიდან უკუგება მიიღება სწავლის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქმების შემდეგ.

უმაღლესი განათლების,  ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სოციალური ორგანიზაციის, ეფექტიანობა განიხილება ორ სიბრტყეზე - საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებასთან მიმარ­თე­­­ბაში. აშკარაა მათი ურთიერთდამოკიდებულება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მიზან­შე­წო­ნი­ლია მათი ცალ-ცალკე შესწავლა, როგორც დამოუკიდებელი, ერთიანი სისტემის შემადგენელი ცალკეული ელემენტი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მახასიათებელი ნიშნები.

უმაღლესი განათლების ეფექტიანობის საზოგადოებრივი განზომილება განისაზღვრე­ბა, პირველ რიგში, იმით, რომ იგი გარკვეულწილად განცალკევებულია სახელმწიფოსგან, ანუ საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. განათლება შეიძლება განვიხილოთ როგორც გამაერთიანებელი ფაქტორი.

უმაღლესი განათლების ეფექტიანობა სახელმწიფოს თვალსაზრისით, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს საზოგადოების დემოკრატიულობის დონის გათვალის­წინებით, რაც არის მოქალაქეთა დამოუკიდებლობის ხარისხის მაჩვენებელი. რაც გულისხმობს დამოუკიდებელი, გააზრებული მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობებს, მათ შორის ძალაუფლების სხვადასხვა ხარისხის მქონე სტრუქტურების ფორმირებას. ამიტომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი და ასევე, სოციალური გარემო საზოგადოებაში, მთლიანობაში, მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული დამოუკიდებელი, განვითარებული პიროვნების ფორმირებაზე.

უმაღლესი განათლების ეფექტიანობა პიროვნებასთან მიმართებაში განიხი­ლე­ბა თანამედროვე სამყაროში პიროვნების ცხოვრების პირობებთან ადაპტაციის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია და საინტერესო ადამიანის ცხოვრების და საქმიანობის დაკავშირება გარემომცველ სამყაროსთან. დროის სულ მოკლე პერიოდის განმავლობაში ადამიანის გარე გარემოსთან კომუნიკაციის ფორმები არსებითად შეიცვალა. თუ ადრე ადამიანი ურთიერთობას ამყარებდა ადამიანთა შეზღუდულ რაოდენობასთნ, ახლა საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით, შესაძლებელია მთელ მსოფლიოდან „ზღვა“ ინფორმაციის მიღება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანზე, რამდენადაც ეს ინფორმაცია არის არა მხოლოდ მრავალმხრივი, არამედ, ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივი და ურთიერთ­სა­პი­რის­პირო, რაც არსებითად ართულებს პიროვნების დამოუკიდებელ თვითორიენ­ტა­ციას. შესაბამისად, იმისათვის, რომ მრავალფეროვანი გავლენების გარემოში შეინარ­ჩუნო თვითმყოფადობა, აუცილებელია ადამიანი იყოს საკმაოდ განვითარებული და განსწავლული. თავისუფალი კომუნიკაცია დღევანდელ ცვალებად სამყაროში სხვა არაფერია თუ არა საგანმანათლებლო გარემოს ეფექტიანობის საზომი.

მსოფლიოს უმაღლესი განათლების ეფექტიანობის შეფასებისათვის გამოიყენებენ სპეციალურ მაჩვენებელს - უმაღლესი განათლების უკუგების ნორმას. ის იქნა შემუშავებული მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს და ადგენს უმაღლესი განათლების მქონე პირთა შემოსავლებსა და საშუალო განათლების მქონე პირთა შემოსავლებს შორის სხვაობის თანაფარდობას უმაღლესი განათლების დანახარჯების ოდენობასთან. ეს გვიჩვენებს ადამიანის მიერ განათლებაში განხორციელებული ინვესტიციების გამოსყიდვის დონეს, მსგავსად იმისა, თუ როგორ ხსნის მოგების ნორმა კაპიტალდაბანდების გამოსყიდვის ხარისხს. რაც უფრო მეტია უკუგების ნორმის მაჩვენებელი,  მით უფრო ეფექტიანია უმაღლეს განათლებაში ინვესტირება.

ამრიგად, უმაღლესი განათლების ეკონომიკური ეფექტიანობა ფასდება როგორც ადამიანის და საზოგადოების მატერიალური კეთილდღეობის ზრდის მაჩვენე­ბელი. დადგენილია სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახ­ლეობის განათლების დონეს შორის ურთიერთდამოკიდებულება. განვითარებულ ქვეყნებში უმაღლესი განათლების არსებობა განსაზღვრავს მომუშავის შემოსავლების დონეს და სოციალურ სტატუსს. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განსაზღვრავს მომავალი ცხოვრების გზას, ეკონომიკურ კეთილდღეობას, უნივერსიტეტში წარმატებული სწავლა ნიშნავს შემდგომ სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას - ეს არის სწავლის უმთავრესი მოტივაცია. ზოგადად, უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტი გამოიმუშავებს 1,5 – 2-ჯერ მეტს, ვიდრე საშუალო განათლების მქონე პირი. ამგვარი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Виды функций и структура современной сыстемы образования // эл-ресурс, https://zaochnik.com/spravochnik/ pedagogika/obrazovatelnaja- sistema-rossii/sovremennaja-sistema-obrazovanija/
  2. Бехманн Готтхард Б.// Современное общество: общество риска, информационное общество, общество знаний / Готтхард Бехманн ; [пер. с нем. А.Ю. Антоновского, Г.В. Гороховой, ]. — М. : Логос, 2010
  3. Денисон Э., Исследование роста Соединенных Штатов в 1929 – 1969 -  М.: Прогресс 1974;
  4. Основы социальной работы / Под ред. П.Д.Павленка. - М.: ИНФРА- М, 2007. -395 с.  http://www.studmed.ru/view/pavlenok- pd-osnovy-socialnoy-raboty_05586ab4895.html
  5. Уметов Т.Э. // Функции образования и их роль в современном обществе, http://arch.kyrlibnet.kg/uploads/UAUMETOV2012-2.pdf
  6. Private higher education establishments in Europe — the present condition and prospects of development / [ed. by Jozef Szablowski]. — Bialystok, 2005. — 220 p.